საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, უკრაინის მოქალაქეებს ხერსონზე კონტროლის აღდგენა უკრაინულ ენაზე მიულოცა.
"გილოცავთ ხერსონის უკრაინაში დაბრუნებას, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი სუვერენული უფლებების სრული აღდგენისკენ. საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერას", - დაწერა ტვიტერში ემანუელ მაკრონმა.
Вітаю з поверненням Херсона до України, це важливий крок на шляху до повного відновлення її суверенних прав. Франція й надалі підтримуватиме Українців та Українок.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) November 11, 2022
11 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონი უკრაინის არმიის კონტროლს უბრუნდება. ქალაქის ცენტრში უკრაინის დროშა უკვე აღიმართა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ძალიან მალე უკრიანის არმია ქალაქში შევა. მან თავის ვიდეომიმართვაში ხერსონში დარჩენილ რუს სამხედროებს იარაღის დაყრის და ტყვედ ჩაბარებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე გაიყვანეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან, სადაც ხერსონი მდებარეობს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ 9 ნოემბერს გამოაცხადა ჯარების ქალაქიდან გასვლა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.