ღარიბაშვილი: დამთავრდა ის დრო, როცა ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს შეასრულოს ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოუსმენს ყველას, მაგრამ "გააკეთებს იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას."

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: 24 საათი საუბრობთ სტატუსზე - ბევრ ქვეყანას აქვს, მაგრამ წლებია, წევრობას ელოდებიან

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, გვაქვს თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, იქნება ეს აშშ, ევროპის სახელმწიფოები... გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული საქმე, პროგრამა, პროექტი განხორციელებული ერთად და რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა გრძელდება.

რა თქმა უნდა, მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს პარტნიორებთან გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები. ეს ბუნებრივიც არის, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს სჭირდება, ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო. ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჯერ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ მოცემულ დროს და მომავალში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას: ერთადერთი ხსნა გაქვთ, აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი

ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, იმიტომ რომ მთავრობა "ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა პარტნიორებს აჩვენოს სრული მზაობა" ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. თუმცა, მისი განმარტებით, სტატუსის მიღება "განსაკუთრებულს არაფერს" ნიშნავს და არც მისი არმიღების შემთხვევაში მოხდება "სასწაული".

"ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - ასე დაასრულა პრემიერმა თავისი გამოსვლა, რომელიც თანაგუნდელებმა რამდენჯერმე მქუხარე ტაშით შეაწყვეტინეს.

ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, ღარიბაშვილის სტატუსის მისაღებად შეხვედრებს მართავდა, მათ შორის 18-20 თებერვალს