მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძელი ანტირეკორდით გამოეთიშა

ნიდერლანდმა კატარს ანგარიშით 2:0 მოუგო

კატარში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე A ჯგუფში მოთამაშე ოთხეულმა უკვე დაასრულა ჯგუფური ეტაპი.

მესამე ტურის მატჩები დღეს გაიმართა და ორი მერვედფინალისტიც გამოვლინდა. მსოფლიოს ჩემპიონატის თექვსმეტ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ ნიდერლანდისა და სენეგალის ნაკრებები, ეკვადორი და კატარი კი შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

ნიდერლანდმა კატარს ანგარიშით 2:0 მოუგო და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. სენეგალმა მეორე პოზიცია ეკვადორის დამარცხებით (2:1) გაინაღდა.

მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელ ქვეყნებს შორის კატარი პირველია, ვისაც ჯგუფურ ეტაპზე ერთი ქულაც არ მოუპოვებია.