უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 6 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები დონეცკის ოლქში. 2022 წლის 29 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 5 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ობიექტებზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის და დონეცკის ოლქებში და თავდაცვის ძალების პოზიციებზე მიიტანეს 47 საავიაციო იერიში და 35 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე განაგრძობს საარტილერიო შეტევას უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, მათ შორის ქალაქ ხერსონში.

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე, 2 დარტყმა - საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე და ჩამოაგდო 3 უპილოტო საფრენი აპარატი.