საქართველოს საგარეო უწყება მკაცრად გმობს ვიაჩესლავ ვოლოდინის სოხუმში ჩასვლას

ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩისლავ ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვოლოდინი სოხუმში 1 დეკემბერს ჩავიდა. ის შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას.

ასევე ნახეთ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი სოხუმში ჩავიდა

ვოლოდინთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ დუმის ვიცე-სპიკერი სერგეი ნევეროვი, დსთ-ს საკითხების და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი და რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩი აფხაზეთში მიხაილ შურგალინი.