უკრაინამ აშშ-გან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები მოითხოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი. 24 აპრილი, 2022 წელი

უკრაინის არმიის სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილისთან და მოითხოვა დამატებითი შეიარაღება და აღჭურვილობა.

გვიან, 3 დეკემბერს, ზალუჟნიმ ფეისბუკით განაცხადა, რომ მილის მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ბოლო პერიოდში რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შესახებ და მოითხოვა ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის დამატებითი სისტემების მიწოდება.

30 ნოემბერს აშშ-მა გამოაცხადა, რომ გააფორმა კონტრაქტი იარაღის კომპანია Raytheon-თან უკრაინისთვის 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ანტისაჰაერო თავდაცვის რთული სისტემების, NASAMS-ის წარმოების შესახებ.