ჩეჩნეთს ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსი, ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი 1ADAT იტყობინება "ევროპიდან და ჩეჩნეთიდან ინფორმატორებზე" დაყრდნობით. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ბლოგერის თანამოაზრეებმა დაუდასტურეს.
ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ შვედ სამართალდამაცავებს.
იტყობინებიან, რომ აბდურახმანოვი შვედეთში 2 დეკემბრის ღამით მოკლეს. „გვაქვს მისი [აბდურახმანოვის] სიკვდილის დამადასტურებელი საკმაო ინფორმაცია, მისი ძმა მუჰამადი კი სპეცსამსახურებმა გადამალეს“, - ნათქვამია ოპოზიციური ტელეგრამის არხის ინფორმაციაში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვედეთში მცხოვრები თუმსო აბდურახმანოვი და მისი ძმა, უფლებადამცველი მუჰამად აბდურახმანოვი, კონტაქტზე აღარ გამოდიოდნენ, ცნობილი 2 დეკემბერს გახდა. მაშინვე გავრცელდა ცნობა, რომ ბლოგერი შესაძლოა, მოეკლათ. თუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა არაღიარებული იჩქერიის მხარდამჭერთა ტელეგრამის არხითაც.
თუმსო აბდურახმანოვის ტელეგრამის არხზე ბოლო ინფორმაცია 30 ნოემბერითაა დათარიღებული. იუთუბის მის არხზე გამოქვეყნებული უკანასკნელი ვიდეოს ქვეშ მომხმარებლები ტოვებენ კომენტარებს თხოვნით, გამოვიდეს კონტაქტზე.
„როგორც წესი, თუმსო იტყობინება ხოლმე, თუ ტელეგრამზე სტრიმი არ ექნება. გუშინ არ შეუტყობინებია“, - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომენტარებში.
2020 წლის თებერვალში თუმსო აბდურახმანოვს შვედეთში, საკუთარ ბინაში დაესხნენ თავს. ბლოგერმა თავდამსხმელის განიარაღება შეძლო და პოლიციას დაუკავშირდა. საქმეზე განაჩენი 2021 წლის იანვარში გამოიტანეს. თავდასხმაში დამნაშავედ ცნეს რუსეთის მოქალაქე. თავდასხმის შემკვეთები არ გამოვლენილან. თუმცა, სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ „კვალი გროზნოზე მიანიშნებს“. აბდურახმანოვის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოხერხდა მის ძმაზე მუჰამად აბდურახმანოვზე თავდასხმის აღკვეთა გერმანიაში. უფლებადამცველის სიტყვებით, მისი მკვლელობის ორგანიზება ფარუი ედელჰერიევს ჰქონდა ჩაბარებული, რომელსაც რამზან კადიროვის ბიძაშვილად მოიხსენიებენ.
2022 წლის მარტში, როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა "კავკაზ რეალიიც" იტყობინებოდა, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ჩეჩნეთის მკვიდრი ბადილ დ. დაადანაშაულა თანამემამულის მკვლელობის მომზადებაში, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურის გარემოცვისგან იყო შეკვეთილი, ამის შესახებ გამოძიებაზე დაყრდნობით Deutsche Welle-ც წერდა.
* განახლება: 9 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ასევე ნახეთ ჩეჩენი ბლოგერი აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიცია იცავს - იჩქერიის მთავრობა