იაპონია შეუერთდა რუსეთის ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებას, გამონაკლისია პროექტი "სახალინი 2"

იაპონია შეუერთდა რუსეთის ნავთობზე ზღვრული ფასის, ბარელში 60 დოლარის დაწესებას. მაგრამ მან ამ პირობებიდან გამორიცხა ნავთობი, რომლის იმპორტი ხორციელდება რუსეთის პროექტ „სახალინი 2“-ის ფარგლებში.

ტოკიომ ეს გამონაკლისი დაუშვა „იაპონიის ენერგეტიკული უსაფრთხოების გათვალისწინებით“, - ნათქვამია იაპონიის მთავრობის 5 დეკემბრის განცხადებაში.

იაპონიის ენერგეტიკული კომპანიები წილებს ფლობენ „სახალინ 2"-ში მას მერე, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ პროექტი დატოვა კომპანია Shell-მა.

რუსეთს ნავთობზე ზღვრული ფასი დაუწესეს უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ. ზღვრული ფასი 5 დეკემბრიდან შევიდა ძალაში. ევროკავშირის გარდა მას მხარი დაუჭირეს „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებმა და ავსტრალიამ.

რუსეთი აცხადებს, რომ ახალი პირობებით ნავთობის გაყიდვაზე უარს იტყვის. ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის თანახმად, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს გაყიდიან მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც საბაზრო პირობებში მუშაობას განაგრძობენ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ფასის ზღვარი რუსეთს არ აინტერესებს და პირდაპირ შეუთანხმდებიან იმ პარტნიორებს, რომლებიც ზღვრულ ფასს ყურადღებას არ აქცევენ. მათ შორის ლავროვმა დაასახელა ინდოეთი, ჩინეთი და თურქეთი.

რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს, მსოფლიოს 36 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო თითქმის 230 მილიონი ტონა ნავთობი, საიდანაც 47% მოდიოდა ევროკავშირის სახელმწიფოებზე. შარშან, რუსეთმა ევროკავშირში გაყიდა 108 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი და ამ გზით მიიღო თითქმის 51 მილიარდი დოლარის შემოსავალი.