რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხე განათდა - თბილისის მერმა მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, ჩაიფიქრონ სურვილები.
"დღეიდან ჩვენს ქალაქში დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები, რადგან დღეს მხოლოდ დღესასწაულს დავპირდი მოსახლეობას, არ დავიწყებ იმის ახსნას, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი, ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია. ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიც არის. დიახ, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს, მაშინაც კი, როდესაც ვიბრძვით, არასდროს ვტოვებთ იმედს, უკეთესის იმედს, არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე.
სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავსა და რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს. ტრადიციულად, ჩვენც სწორედ სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და წელსაც ამ იმედით ვეგებებით ახალ, 2023 წელს. მოდით, ერთად ჩავიფიქროთ ყველა ეს სურვილი და ავანთოთ დედაქალაქის ნაძვის ხე, როგორც სიმბოლო ახალი სიცოცხლის და ბედნიერი მომავლის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ყოველივე საუკეთესო თქვენ ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი მიმართვის შემდეგ კონცერტი დაიწყო, საღამოს წამყვანი დიმა ობოლაძე და რუსკა მაყაშვილი არიან.
პარლამენტის წინ კონცერტის პარალელურად გაიმართა აქცია თავისუფლების მოედანზე, სადაც მოქალაქეებმა გამოფინეს ბანერები სლოგანებით: თბილისი გმირების ქალაქი და თბილისი სოლიდარობის ქალაქი - ეს ალტერნატიული სლოგანები "მშვიდობის ქალაქის" ალტერნატივად მოიფიქრეს აქციის ორგანიზატორებმა. მათი თქმით, ამ სიმბოლური ჟესტით სურდათ ეჩვენებინათ უკრაინელებისთვის, რომ ხალხი მათ მიმართ სოლიდარულია.
"სრულიად მიუღებელია ქალაქის საახალწლო სლოგანი, პირველივე დღიდან, გამოჩნდა თუ არა, პირადად ჩემი აღშფოთება გამოიწვია. სრულიად უადგილოა, როცა შენს მეგობარ ქვეყანაში ომია, მაგ დროს თავი მოიწონო იმით, რომ ჩვენთან მშვიდობაა, არის სრული უზნეობა. სამწუხაროდ, ქალაქის მერიამ დახურულ კარს მიღმა მიიღო ეს გადაწყვეტილება როგორც ჩანს პიარ-ტექნოლოგების რჩევით და იმედია, როცა ხნით მაინც დავფარავთ და გამოჩნდება, რომ ჩვენ სოლიდარობის ქალაქი ვართ და თბილისის გმირების ქალაქია. დღეს ჩვენი თანამოქალაქეები იბრძვიან და იღუპებიან უკრაინაში. გვინდოდა გვეთქვა, რომ ისე არ არის, როგორც ხელისუფლებას სურს, არ ვართ კმაყოფილი იმ მშვიდობით, რომელიც გვაქვს" - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით დვალმა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ორგანიზატორმა.
"მე ვთვლი, რომ ჩემი საყვარელი ქალაქი დღეს არ არის მშვიდობის ქალაქი. ეს არის ქალაქი სადაც მოზარდები ერთმანეთს უმოწყალოდ კლავენ, სადაც ბავშვი იღუპება შადრევანში, ეს არის ქალაქი, სადაც ნელი მოქმედების ბომბია აქ შემოშვებული ოკუპანტების სახით, და ვფიქრობ რომ მშვიდობის ქალაქი არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარობის ქალაქი იმის გამო, რომ უკრაინაში დღეს ჩვენი ომიც მიმდინარეობს" - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნიკოლო (ბარტი) ღვინიაშვილმა.
თბილისში, საახალწლო ღონისძიებების წინ რუსთაველის გამზირიდან და თავისუფლების მოედნიდან დღეს დილას აიღეს უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოები - მერიამ ისინი გმირთა მოედანზე დროებით მოწყობილ კონსტრუქციასთან გადაიტანა.
ასევე ნახეთ უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ფოტოები მერიამ პარლამენტის წინაც აიღო