რადიო თავისუფლების ჟურნალისტები „მედია თანასწორობისთვის 2022"-ის გამარჯვებულები გახდნენ

რადიო თავისუფლების ჟურნალისტები: ეკა ქევანიშვილი, თორნიკე მანდარია.

WECF Georgia-ს (ქალები საერთო მომავლისთვის — საქართველო) კონკურში „მედია თანასწორობისთვის 2022"-ის კატეგორიაში „საუკეთესო ცენტრალური მედიაპროდუქტი" გამარჯვებული გახდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი თორნიკე მანდარია - „თოზუ თანასწორობისთვის იბრძვის".

ვიდეო მოგვითხრობს თოზუ გულმამედლის შესახებ, რომელიც ფემინისტი აქტივისტია კახეთის სოფელ იორმუღანლოდან. თოზუ თბილისში იბრძვის ეთნიკური უმცირესობების, აზერბაიჯანულ თემში კი ქალთა უფლებების დასაცავად.

თოზუს უსამართლობის მიმართ წინააღმდეგობა ბავშვობიდან ჰქონდა, თუმცა ჩაგვრას სახელი მოგვიანებით დაარქვა - როცა 1+4 პროგრამის წყალობით თბილისში, უნივერსიტეტში ჩააბარა.

WECF Georgia-ს ცნობით, წელს კონკურსის „მედია თანასწორობისთვის" ფარგლებში პირველად გაიცა სპეციალური პრიზი იმ ჟურნალისტების დასაფასებლად, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ეთიკური მედიის განვითარებაში. 2022 წელს ამ ჯილდოს მფლობელი გახდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი.


„მადლობას ვუხდით ეკას მისი მრავალწლიანი ეთიკური მუშაობისთვის და იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რაც ეთიკური მედიის განვითარებაში აქვს!" - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.

კონკურსი „მედია თანასწორობისთვის 2022″ ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის – „ქალები და მათი უფლებები: ეთიკური მედია კავკასიაში“ („სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის” პროგრამა) ფარგლებში.

ჯილდოები ექვს კატეგორიაში გაიცა.