"შევთანხმდით, რომ ვერაფერზე შევთანხმდით" - ომბუდსმენზე მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ დასრულდა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის წევრები სახალხო დამცველის საერთო კანდიდატზე ისევ ვერ შეთანხმდნენ, თუმცა დათქვეს, რომ მოლაპარაკება პარასკევს, 16 დეკემბერს განახლდეს. პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად დღეს, 13 დეკემბერს, მოლაპარაკების მეორე ეტაპი გაიმართა. დეპუტატები ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კაბინეტში შეიკრიბნენ.

შეხვედრას "ქართული ოცნებიდან" მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდნენ, მეორე მხარეს კი ყველა ოპოზიციური პარტიის თითო წარმომადგენელი იყო, გარდა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლისა".

ერთი მხრივ, ოპოზიციის ნაწილი სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატებს [გიორგი ბურჯანაძეს, ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილს] უჭერს მხარს, მმართველი პარტია კი თავის კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციას ისევ არ ამხელს. თუმცა, ცნობილია მათი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ 2 კანდიდატის [ნაზი ჯანეზაშვილის, ანა აბაშიძის] მიმართ.

"შევთანხმდით, რომ ვერაფერზე ვერ შევთანხმდით, პარასკევს იქნება კიდევ ერთი მცდელობა", - თქვა თითქმის 2-საათიანი შეხვედრიდან გამოსულმა პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.

შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა თქვეს, რომ დეტალებზე, რომელ კანდიდატს რამდენი პარტია და ვინ უჭერს მხარს, არ ისაუბრებდნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ კარს მიღმა თითოეული კანდიდატი თავიანთი გასაუბრების შინაარსით განიხილეს.

"ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ როგორც მათი, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც იყო პოზიციების დაახლოების მცდელობა, თუმცა უშედეგო. მიუხედავად იმისა, რომ მდინარაძემ 12 დეკემბერს უმრავლესობის სხდომის შემდეგ კონკრეტულ მხარდასაჭერ კანდიდატებზე საჯაროდ საუბრის დაპირება გასცა, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ეს საკითხი ისევ დახურული დატოვა:

"მიუხედავად ბევრი კამათისა, იმედს ვიტოვებ, რომ არსებობს კომპრომისის და კონსენსუსის რეალური შანსი. კონკრეტულ კანდიდატებზე ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი, პლიუს-მინუსებით და გვქონდა ჩვენ ჩვენი პოზიციები. მათი გარეთ გამოტანა ვფიქრობ, რომ პროცესს დააზიანებს. საუბრის, დისკუსიის ბოლოს ერთხმად ვთქვით, რომ დღეს სახალხო დამცველის კონკრეტულ კანდიდატებზე მესიჯების გარეთ გამოტანა უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს".

შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას, "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებით აზრს შეიცვლის.

"[ოპოზიციის მხრიდან] იყო კატეგორიული მოთხოვნა არჩეულიყო იმ კანდიდატებიდან, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოაჩინეს. იმედი მაქვს, ამ პოზიციიდან უკან დაიხევენ ან შეიცვლიან. უმრავლესობაშიც შესაბამისი მსჯელობაა საჭირო. ველოდებით…".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" ფავორიტი კანდიდატი "ვერ დაინახა". მისივე თქმით, განიხილეს თითოეული კანდიდატის მიერ გასაუბრებაზე წარმოთქმული პოზიციები.

"მე დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ასეთი შეხვედრების წინ, მაგრამ ჩემი პოზიცია იყო, რომ მე პირადად და ჩემს ფრაქციას არ ჩაეკეტა კონსულტაციებისთვის კარი…", - თქვა დეკანოიძემ.

პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოზიციები სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილ სამეულთან დაკავშირებით, შეცვლილი არ არის:

"ძირითადი მოლოდინი არის იმ პარტიებზე, ვინც წარმოადგინა, ერთის მხრივ, 3 კანდიდატი თავის დროზე და, მეორეს მხრივ, "ქართულ ოცნებაზე", რომელმაც თქვა, რომ ამ 3 კანდიდატს არ განიხილავენ. ამ ორ პოზიციას შორის შეთანხმების სივრცე ისევ მათზეა დამოკიდებული…

ყველა კანდიდატზე იყო საუბარი, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ეს კანდიდატები ყველასთვის და განსაკუთრებით, "ქართული ოცნებისთვის" ან "ნაციონალური მოძრაობისთვის" თანაბრად მისაღები იყო, ასე არ ყოფილა".

"შეთანხმება შეუძლებელი არ არის, პროცესის ჩავარდნა გამორიცხული არ არის", - განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ. ამასთან აღნიშნა, რომ მეორე შეხვედრა პირველზე მეტად კონკრეტული იყო:

"მოლაპარაკებები პროცესია, გვაქვს ვადა, ამ კვირის ბოლომდე უნდა შედგეს კენჭისყრა ან მაქსიმუმ მომავალი კვირის ბოლოს. სხვა გამოსავალი არ არის".

სახალხო დამცველობის კანდიდატების რაოდენობა 19-დან 8-მდე შემცირდა. შეთანხმების შემთხვევაში, კანდიდატებს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლოს, რიგგარეშე სესიაზე უყრიან კენჭს. სახალხო დამცველის ექვსი წლის ვადით ასარჩევად 90 დეპუტატის ხმაა საჭირო.

წინა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა.

დამოუკიდებელი სახალხო დამცველის კონსენსუსის გზით არჩევა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

ასევე ნახეთ

ლომჯარია კანდიდატებთან გასაუბრებაზე: რიგ შემთხვევაში საკუთარი თავისგან გამიჯვნის მცდელობაც იყო