Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია კანდიდატებთან გასაუბრებაზე: რიგ შემთხვევაში საკუთარი თავისგან გამიჯვნის მცდელობაც იყო


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გამართული მოსმენები შეაფასა „პალიტრანიუსის" ეთერში მოქმედმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. როგორც ის ამბობს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ რიგ შემთხვევაში კანდიდატები ცდილობდნენ საკუთარი თავისგან გამიჯვნას.

„გასაუბრებებმა მიიღო, იცით რისი სახე, თითქოს ერთგვარ თვითცენზურაში აგდებენ კანდიდატებს და ამართლებინებენ თავს. ჩანს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ეძებენ ისეთ კანდიდატს, რომელსაც ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, არ გაუკეთებია მწვავე ან კრიტიკული განცხადებები ხელისუფლების მიმართ, რაც არის უკიდურესად პრობლემატური. ადამიანის უფლებების დაცვა ბუნებრივად გულისხმობ იმას, რომ შენ რაღაც საკითხებთან მიმართებით უნდა იყო მწვავე. მინდა ვუთხრა ყველა კანდიდატს, რომ მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რიგ შემთხვევებში, რომ საკუთარი თავის გამიჯვნის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული ბულინგი წამოვიდა. ეს თქვენი უპირატესობაა, თუ ყოფილხართ კრიტიკულები, ეს, პირველ რიგში, თქვენი უფლება იყო, ეს ადასტურებს თქვენს სამოქალაქო აქტიურობას, პოზიციონირებას, რაც ერთგვარად უფლებადაცვით საქმიანობაშიც შეიძლება გავიდეს. მე ვფიქრობ, უმჯობესია, ყველამ მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციები უბრალოდ ახსნას. არ არის საჭირო თავდაცვის პოზიციაში ჩადგომა, რადგან არაფერი უკანონო, მიუღებელი ან გასაკიცხი ამაში არ არის, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატებს წარსულში კრიტიკული მოსაზრება ჰქონოდათ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატებისთვის კრიტიკული განცხადებების („ფეისბუკ"-პოსტების) გახსენება გზავნილია ყველასთვის, რომ თუ ადამიანი მომავალში რაიმე თანამდებობის დაკავებას გადაწყვეტს, მას თავისი კრიტიკული განცხადებები წინ დახვდება.

„ამ პროცესს ხომ ბევრი ადამიანი უყურებს, ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ კარიერა გაიკეთონ ქვეყანაში ან მოხვდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე, ეს არის ერთგვარად სიგნალი, მათთვის ეს არის ერთგვარი გზავნილი, რომ არ გააკეთოთ კრიტიკული განცხადებები, ყურადღება მიაქციეთ, რას პოსტავთ „ფეისბუკზე", რადგან ერთ დღეს, როდესაც გადაწყვეტთ, რომ რამე თანამდებობა დაიკავოთ, ეს დაგხვდებათ წინ. ჩემთვის ეს არის ძალიან საშიში. გამოხატვის ფორმების კონტროლის და ამით ერთგვარი თვითცენზურის დაწესების მცდელობაა სხვებისთვისაც. ეს არის ყველა სხვისთვის გზავნილი, რომ აუცილებლად დაგხვდებათ წინ კრიტიკული პოზიციები“, - მიიჩნევს ლომჯარია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ამ დროისთვის სახალხო დამცველობის შვიდ კანდიდატს მოუსმინა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შეკითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა წარსულში კანდიდატების მიერ „ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ პოსტებს.

კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ. ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა.

სახალხო დამცველის ექვსი წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.

XS
SM
MD
LG