რუს სატირიკოს დმიტრი ბიკოვს საქართველოში არ უშვებენ

დმიტრი ბიკოვი, სატირიკოსი, პოეტი, მწერალი

დმიტრი ბიკოვი, რუსი სატირიკოსი, პოეტი და მწერალი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ვერ ახერხებს. მას 23 და 24 დეკემბერს თბილისში ორი შემოქმედებითი საღამო აქვს დაგეგმილი. როგორც მისი კონცერტების ორგანიზატორმა ზურაბ სვანიძემ უთხრა ონლაინგამოცემა SOVA-ს, ბიკოვი ბათუმის აეროპორტის გამშვებ პუნქტში რამდენიმე საათია ცოლთან და შვილთან ერთად ჰყავთ გაჩერებული. სვანიძის თქმით, ის ამჟამად ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უპასპორტოდ არის დარჩენილი.

„პასპორტი ჩამოართვეს. არაფერი უკითხავთ, არც ვიზიტის მიზნის, არც სხვა საკითხის შესახებ. საქმე ის არის, რომ თან ჰყავთ ოთხი წლის ბავშვი. ცოლი კი ქართველია. და მათ არ უშვებენ საქართველოში. რა თქმა უნდა, გასაკვირია“, - უთხრა SOVA-ს ზურაბ სვანიძემ.

როგორც ორგანიზატორი ამბობს, აქამდე ბიკოვს საქართველოში შემოსვლისას პრობლემები არასდროს შეჰქმნია. ის აღნიშნავს, რომ სატირიკოსს საკმაოდ მკვეთრი პოზიცია აქვს რუსეთის პრეზიდენტისა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ. ბიკოვი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სადაც ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე [რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე] გაემგზავრა. იქ ბიკოვი ხელშეკრულებით მუშაობს და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. სვანიძის თქმით, მისი მკვეთრი პოზიცია მომხდარის შესახებ ყველასთვის ცნობილია.

„გაუგებარია, მას აქ რატომ არ უშვებენ? ის არანაირი პოლიტიკური აქციის მოწყობას არ გეგმავდა. ის ჩამოვიდა, რათა აქ ლექცია ჩაეტარებინა, ხოლო მის ქართველ ცოლს სურდა საქართველოს მონახულება, დიდი ხანია აქ არ ჩამოსულა. ბიკოვის პროგრამას საქართველოსთვის კოლოსალური მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველი პროგრამა ნაწილობრივ ეძღვნება ომს, მეორეს ეწოდება „ქართული პოეზიის ვერცხლის საუკუნე“. ის წაიკითხავს ქართველი პოეტების სხვადასხვა თარგმანს. ამიტომ მე ძნელად წარმომიდგენია, სად არის აქ პოლიტიკური შემადგენელი იმისთვის, რომ ის არ შემოუშვან“, - თქვა სვანიძემ.

16 ნოემბერს საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ მედიასთან კომენტარში განმარტა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვების პრაქტიკა. მისი თქმით, იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნან საფრთხე, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან და საზღვრიდან აბრუნებენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ოპოზიციურად განწყობილ არაერთ აქტივისტს, ჟურნალისტსა და ბლოგერს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, მათ შორის „დოჟდის“ მიხაილ ფიშმანსა თუ „მედიაზონის“ ჟურნალისტ დავიდ ფრენკელს.

ასევე ნახეთ რუსი ჟურნალისტი და ქველმოქმედი დმიტრი ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს
ასევე ნახეთ რუსი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში არ შემოუშვეს
ასევე ნახეთ რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი საქართველოში არ შემოუშვეს