"საქართველოს ბანკზე" ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "საქართველოს ბანკზე" ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გუშინ, 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.