2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილები ბინებს ვეღარ მიიღებენ - კანონპროექტი

წეროვანის დევნილთა დასახლება. ივლისი, 2020 წელი. საილუსტრაციო ფოტო

დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს მხოლოდ 2023 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული პირების მიმართ ექნება. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.

2023 წლის პირველ იანვრამდე არასრულწლოვანებს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით ოჯახის წევრებთან ერთად დააკმაყოფილებენ და მათ მომავალში ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.

ასევე ნახეთ მამამ მითხრა აფხაზეთიდან ხარო - დევნილი მემკვიდრეობით

კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერაა ინიციირებული. საპარლამენტო კომიტეტმა მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

ასევე ნახეთ 30 წელი ბინის მოლოდინში - რატომ გვყავს დევნილები, რომლებსაც სახლი დღემდე არ აქვთ