ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ კლინიკაში გადაღებული და გავრცელებული კადრები "პოლიტიკური პორნოგრაფიაა". ამის შესახებ მან "ვივამედში" შვილის მონახულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.
"გავრცელებული კადრები, როგორც შევამჩნიე, ძალიან აქტუალურია, თვითონ მას მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური პორნოგრაფია, რაც მან ნახა. სხვათა შორის ერთ-ერთ კადრში მეც ვარ, ვიღაც თავისმომჭრელებმა კადრში თავი მომჭრეს, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვარ", - განაცხადა გიული ალასანიამ.
პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრები გუშინ, 14 დეკემბერს, გაავრცელა.
ასევე ნახეთ დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება - ომბუდსმენის აპარატი სააკაშვილის ვიდეოზეგუშინვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო სხდომა, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის გამო ვერ ჩართავდა პატიმარს დისტანციურად.
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. მორიგი სხდომა 22 დეკემბერს არის დანიშნული.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.