რუსებმა ირანული დრონების გაშვება უკრაინისკენ კრასნოდარიდან დაიწყეს - ბრიტანული დაზვერვა

"კამიკაძე დრონი" მანევრის დროს

რუსეთის არმიამ ირანული ე.წ. კამიკაძე დრონების მარაგი შეავსო და ახლა ანექსირებული ყირიმის ნაცვლად უპილოტო აპარატებს უკრაინაზე იერიშისთვის კრასნოდარის ტერიტორიიდან უშვებს, - ამის შესახებ ცნობა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელდა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ თვითმფრინავის გაშვების არეალის ცვლილება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ყირიმში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე უკრაინული დრონების ბოლოდროინდელ თავდასხმებთან. გარდა ამისა, უფრო მოსახერხებელია ირანული უპილოტო თვითმფრინავების მარაგების შევსება მატერიკის მხრიდან, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთი მათ ირანიდან ასტრახანის გავლით იღებს.

მანამდე ინფორმაცია „კამიკაძე თვითმფრინავების“ კრასნოდარის ტერიტორიიდან გაშვების შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, იური იგნატმაც გაავრცელა. მისი თქმით, თვითმფრინავები კრასნოდარის მხარეში აზოვის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილიდან იგზავნება.

ასევე ნახეთ

ირანმა პირველად აღიარა რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება
  • უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. რუსეთი და ირანი ამას უარყოფენ.
  • ირანმა პირველად ნომებრის დასაწყისში აღიარა რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ დრონების „მცირე რაოდენობა“ გაიგზავნა რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე.