თბილისში, სოლოლაკში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას მართავენ. შეკრების მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს". ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძეა. მისი თქმით, თუკი სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ციხეში დატოვებს, აქციები პერმანენტული იქნება.
აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად
პოლიცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია
აქციის მონაწილეებს შორის არის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაყო საზოგადოება და ახლა მთავარია გაერთიანება.
"ჩვენ გასაგებად გვითხრეს, ევროკავშირსა და თქვენს შორის დგას რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, კარებში გაჩხერილი. სწორედ ამ კარებიდან უნდა გავაპანღუროთ რუსი ოლიგარქი და მისი რუსული რეჟიმი. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მთავარსარდლის სიცოცხლისთვის, რომელიც შეებრძოლა ტერორისტ პუტინს. არ არსებობს მსოფლიოში მეორე ქვეყანა რუსეთის გარდა, ვისაც უხარია პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა", - ამბობს ხაბეიშვილი.
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია უკვე მეორე დღეა, იმართება. გუშინ, 17 დეკემბერს, აქცია გაიმართა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციასთან. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
ასევე ნახეთ
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.