რუსეთის ძალებმა ხერსონი დაბომბეს. არიან დაღუპულები - უკრაინის ხელისუფლება

უკრაინელი ჯარისკაცი ხერსონის შესასვლელთან. 13 ნოემბერი, 2022 წელი

კვირას, 18 დეკემბერს, რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გალინა ლუგოვამ, უკრაინის ერთიანი ტელემარათონის დროს განაცხადა.

"მტერი არ წყვეტს ხერსონის ტერიტორიის დაბომბვას. 15 საათის მონაცემებით, უკვე მოხდა 12 თავდასხმა, რომლის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი ", - აღნიშნა ლუგოვამ.

რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი და ოლქის დანარჩენი ნაწილიც, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, 11 ნოემბერს დატოვეს და დაბანაკდნენ მარცხენა ნაპირზე, საიდანაც პერიოდულად უტევენ ქალაქს.

მანამდე რუსმა სამხედროებმა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი 14 დეკემბერს გაუხსნეს. ქალაქის დნიპროს რაიონის დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 წლის ბავშვი.