CNN-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში უკვე გაემგზავრა. ამის შესახებ ორ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება ტელეკომპანია CNN-ი. ოფიციალურად ეს ცნობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია არც უკრაინულ და არც ამერიკულ მხარეს. ინფორმაცია, რომ ზელენსკი აშშ-ში ჩასვლას დღეს, 21 დეკემბერს გეგმავს, გასულ ღამით გავრცელდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს და კონგრესის ორივე პალატას მიმართავს. აშშ პირველი ქვეყანაა, რომელსაც ზელენსკი ეწვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. 20 დეკემბერს ომის დაწყებიდან 300 დღე გავიდა.

CNN-ის ინფორმაციით, ზელენსკის ვიზიტისას პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს უკრაინისთვის კიდევ 1.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების, მათ შორის სარაკეტო სისტემების Patriot-ის გადაცემის გადაწყვეტილებას. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლის ბოლოდან, აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.