"იმედის" ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს ქარტიამ დარღვევა დაუდგინა

კადრი სიუჟეტიდან, რომელსაც ქარტია განიხილავდა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ დაარღვია ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერების პრინციპები. გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დღეს, 21 დეკემბერს, გამოქვეყნდა.

მასალაში, რომლის ეთიკური სტანდარტებით მომზადების საკითხსაც განიხილავდა ქარტია, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო ურეკავდა მოქალაქეებს და პასუხს სთხოვდა. იმავე ეთერში მან მოსმენილი პასუხები განიხილა სტუდიის სტუმართან და თანაწამყვანებთან ერთად.

"ჟურნალისტი დაუკავშირდა რესპონდენტებს და მართალია, გაუმხილა, რომ იყო ჟურნალისტი და დაასახელა ვინაობა, თუმცა არ განუმარტავს, რომ მათთან საუბარი იწერებოდა და გამოყენებული იქნებოდა გადაცემაში.

როცა რესპონდენტმა არ იცის, რომ ჟურნალისტთან მისი საუბარი ჟურნალისტურ პროდუქტში უნდა იქნას გამოყენებული, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ფარული აუდიოჩაწერა.

ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა უკიდურესი ზომაა, როცა ჟურნალისტი სხვაგვარად ვერ ახერხებს ჟურნალისტური პროდუქტისათვის ობიექტურად საჭირო/აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებას/აუდიტორიისათვის მიწოდებას", - წერს ქარტიის საბჭო გადაწყვეტილებაში.

ეთერში გასვლის შემდეგ სიუჟეტის ფორმამ და შინაარსმა არაერთი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია სოციალურ ქსელში. ჟურნალისტმა განმარტება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, თუმცა შეზღუდა კომენტარების დატოვების შესაძლებლობა. ბაკურაძის თქმით, სიუჟეტის თემა იყო სიძულვილის ენა.

ფეისბუკმომხმარებელი გიორგი ბოლქვაძე წერდა, რომ ის იყო ერთ-ერთი, ვისაც "იმედის" ჟურნალისტმა დაურეკა. მისივე თქმით, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საუბარი იწერებოდა და ამისათვის შესაბამის საჩივარს მოამზადებდა. სწორედ მისი განაცხადი განიხილა ქარტიამ.