ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს უწოდებს უცნობი პირების მიერ მისი ოჯახის ავტომანქანის დაზიანებას. თუმცა მიტროპოლიტს უჭირს თქმა, რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე დააზიანეს მანქანა თუ სხვა სახის სიძულვილის ნიადაგზე.
"ჩემთვის ძალიან ძნელია რამეზე დაბეჯითებით ლაპარაკი, რადგან უცნობია, ვისი ხელით არის გაკეთებული. ერთი რამ აშკარაა - ეს არის სიძულვილით [მოტივირებული] დანაშაული. ეს სიძულვილით დანაშაული გამოწვეულია რელიგიური სიძულვილით თუ სხვა სახის სიძულვილით, ძნელი სათქმელია. ჩვენს უბანში და სოფელში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არავისზე ეჭვი არ გვაქვს, ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა, გვებადება სხვა ეჭვები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ეჭვები და მხოლოდ გამოძიებას შეუძლია, თუ სურვილი ექნება საამისოდ, დაადგინოს სინამდვილე", - ამბობს მალხაზ სონღულაშვილი რადიო თავისუფლებასთან.
ის ასევე გვეუბნება, რომ მანქანა სახლის წინ, ისეთ ადგილზე ეყენა, რომ შეუძლებელი იყო მას აგური შემთხვევით, რომელიმე შენობიდან დასცემოდა.
"განზრახ არის გაკეთებული, აგური იქ ვერანაირად მოფრინდებოდა. ორ-სამ ადგილას არის დაზიანება მინაზე. პოლიციამ ეს ყველაფერი ჩაიწერა, რამდენიმე ადგილას მივიდა ადგილზე და ველოდებით, რა შედეგს დადებენ", - ამბობს მიტროპოლიტი.
სონღულაშვილის ოჯახის მანქანის დაზიანების შესახებ გუშინ, 28 დეკემბერს, გახდა ცნობილი.
ასევე ნახეთ
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტის ოჯახის მანქანა დააზიანესფაქტზე ფეისბუკში მალხაზ სონღულაშვილის მეუღლემ, ალა ქავთარაძემ დაწერა და პოსტს ფოტოებიც დაურთო.
"დილით ძაღლებისთვის საკვების მოსატანად უნდა გავსულიყავით და დაგვხვდა ეს სურათი. პოლიციაში მივიდა ჩემი შვილი, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარება უთხრეს", - უთხრა გუშინ რადიო თავისუფლებას ალა ქავთარაძემ. მანქანა მის შვილს ეკუთვნოდა.
სონღულაშვილების ოჯახმა მანქანის დაზიანების აღმოჩენის შემდეგ, პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საპატრულო პოლიციამ საქმე ადგილზე შეისწავლა, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. უწყების თქმით, მანქანის მფლობელს გამოძიების დაწყების თხოვნით ოფიციალურად პოლიციისთვის არ მიუმართავს.