რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკასთან უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 3 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. როგორ აღმოჩნდნენ ისინი ოკუპირებულ ნაწილში, ჯერჯერობით უცნობია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს დაკავების თარიღსაც.
მოქალაქეების გასათავისუფლებლად გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ინციდენტი ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
ასევე ნახეთ ვინ, სად, როდის - საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეებისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 42 მოქალაქე, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით - 13.