ბახმუტისადმი პრიგოჟინის ინტერესი შესაძლოა, საბადოებს უკავშირდებოდეს

ევგენი პროგოჟინი უკრაინაში საომრად დაქირავებული პატიმრის, დმიტრი მენშიკოვის დაკრძალვაზე. სანქტ-პეტერბურგი. 2022 წლის 24 დეკემბერი

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინის ქალაქ ბახმუტისადმი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელ ევგენი პრიგოჟინის ინტერესს განაპირობებს ამ რაიონში არსებული მარილის და თაბაშირის საბადოები. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

წყაროს თანახმად, სავარაუდოდ, სწორედ ფულია მოტივი, რომლის გამოც რუსეთი და პრიგოჟინი ბახმუტით „შეპყრობილი“ არიან. ბახმუტის რაიონში მდებარეობს ევროპაში უდიდესი მარილის საბადო.

2022 წლის ოქტომბერში, აშშ-მა „ვაგნერი“ დაადანაშაულა აფრიკაში ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციაში უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ტელეკომპანია CNN-ი იუწყებოდა, რომ კრემლს სუდანის სამხედრო ხუნტასთან შეთანხმებით და „ვაგნერის“ მეთვალყურეობით გააქვს სუდანში მოპოვებული ოქრო.

ასევე ნახეთ პრიგოჟინმა "შეიწყალა" უკრაინასთან საომრად დაქირავებული პატიმრების პირველი ჯგუფი

რუსეთი, რეგულარული არმიის ქვედანაყოფების და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მეშვეობით, დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას.

პრიგოჟინი პირადად არის ჩართული უკრაინაში საომრად პატიმართა დაქირავების პროცესშიც. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის მრავალი დანაშაულის ჩადენაში. კრემლი "პუტინის მზარეულად" წოდებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ "ვაგნერს" აქტიურად იყენებდა სირიასა და აფრიკაშიც.