რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ უკრაინასთან საომრად დაქირავებული პატიმრების პირველმა ჯგუფმა ნახევარწლიანი კონტრაქტი დაასრულა და „შეწყალება მიიღო“. ამის შესახებ, როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, ჟურნალისტებს განუცხადა „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა. მისი თქმით, ყოფილმა პატიმრებმა კონტრაქტი „ღირსეულად“ შეასრულეს.
რუსული სააგენტო „ვაგნერზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ „შეწყალებულთა პირველ ჯგუფში“ 20 ყოფილი პატიმარია, რომლებიც ხელფასსაც იღებდნენ. გაურკვეველია, როგორ მოხდა „შეწყალების“ იურიდიულად გაფორმება.
„რია ნოვოსტი“ ავრცელებს ვიდეოსაც, რომელშიც პრიგოჟინი ხელს ართმევს კამუფლაჟიან ტანსაცმელში გამოწყობილ კაცებს და კონტრაქტის დასრულებას ულოცავს. ამ პირთა ნაწილი ყავარჯნებითაა ან ეტლში ზის. მათ პრიგოჟინი მოუწოდებს, ბევრი არ დალიონ, ნარკოტიკები არ მოიხმარონ და ქალები არ გააუპატიურონ.
კრემლი "პუტინის მზარეულად" წოდებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. პრიგოჟინი პირადად არის ჩართული უკრაინაში საომრად პატიმართა დაქირავების პროცესში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის მრავალი დანაშაულის ჩადენაში.