უკრაინა იუწყება ბრძოლის შესახებ, მოსკოვის მიერ გამოცხადებული და უკრაინის მიერ უარყოფილი ცეცხლის შეწყვეტის წინ

უკრაინის სამხედროები ზაპოროჟიეს რეგიონში. 5 იანვარი, 2023 წელი

რუსეთის არმიამ გააგრძელა შეტევები ბახმუტისა და ლიმანის არეალებში, იუწყებოდა უკრაინის არმია 6 იანვრის დილას, რამდენიმე საათით ადრე მანამ, სანამ უნდა ამოქმედებულიყო 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობა, რომელიც კრემლმა საშობაოდ გამოაცხადა, თუმცა კიევმა უარყო.

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედროები "ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობენ" ბახმუტთან და ლიმანთან, თუმცა "წარუმატებლად".

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა მოწოდებით, რომ "ცეცხლის შეწყვეტა" ამოქმედებულიყო 6 იანვრის დილას და გაგრძელებულიყო 7 იანვრის შუაღამემდე, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასავლეთის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს მოწოდება უარყვეს. მათ განაცხადეს, რომ რუსეთი ამ პერიოდს გამოიყენებდა ბრძოლის ველზე საკუთარი პოზიციების გასაუმჯობესებლად.

"მსოფლიოში ყველამ იცის, რომ ომში პაუზას კრემლი იყენებს ომის განახლებული ძალით გასაგრძელებლად", - თქვა ზელენსკიმ 5 იანვრის ვიდეომიმართვაში.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, პუტინი "ცდილობს, გარკვეული ჟანგბადი მოიპოვოს" ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებით. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ტვიტერით დაწერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა "არც თავისუფლებას და არც უსაფრთხოებას არ მოუტანს ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურ შიშში ცხოვრობენ".