უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 31 საავიაციო და 8 სარაკეტო დარტყმა. ასევე, 63 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის, ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის და ადმინისტრაციული ცენტრების - ხარკოვის და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე უტევს ბახმუტის, ავდეევკის და ლიმანის მიმართულებებს, კუპიანსკისკენ ცდილობს ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ადმინისტრაციულ საზღვრებში დონეცკის ოლქის დასაპყრობად, თუმცა, წარმატებას ვერ აღწევს.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქებთან, ბახმუტსა და სოლედართან.
ასევე ნახეთ ზელენსკი სოლედარზე: აი, ასე გამოიყურება სიგიჟე ასევე ნახეთ ISW: პრიგოჟინი სოლედარს იყენებს ერთადერთ წარმატებულ ძალად "ვაგნერის" წარმოსაჩენადუკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 18 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და შეიარაღების თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე. ჩამოგდებულია 2 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 7 რაიონი, 1 მართვის პუნქტი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 2 პოზიცია.