დნეპრში ცხრასართულიან სახლზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

სამაშველო ოპერაცია დნეპრში, რუსეთის თავდასხმის შედეგად ნანგრევებად ქცეულ კორპუსთან. 14 იანვარი, 2023 წელი

დნეპრში მრავალსართულიან კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მათ შორის 1 ბავშვია. ადგილობრივი დროით 11:30 საათის [თბილისის დროით 13:30 საათი] მონაცემებს დნეპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორი ვალენტინ რეზნიჩენკო ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

მისივე ცნობით, გრძელდება სამაშველო და სამძებრო სამუშაოები, ასევე ხანძრის ქრობის პროცესი. ნანგრევებიდან 39 დაზიანებული მანქანა ამოიღეს.

რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელის, მიკოლა ლუკაშუკის ცნობით, სულ მცირე 35 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო 73 - დაშავდა.

14 იანვარს აღმოსავლეთ-ცენტრალურ უკრაინაში, ქალაქ დნეპრში რუსეთის სარაკეტო თავდასხმების სერიის შედეგად ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. მოსკოვის მხრიდან თავდასხმების შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.