ვოლსკის თქმით, ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩატარების მიზანი პროვოკაცია იყო

გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მმართველი პარტიის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ყვარელში ილია ჭავჭავაძის შესახებ ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის ლექცია პროვოკაციისთვის დაიგეგმა. პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ "დაგეგმილ პროვოკაციას" ადამიანების ჯგუფი "წამოეგო".

"ლექციის ჩაშლას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე წამოეგო ადვილად კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. არა მარტო კახელებისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც გააჩნია ლევან ბერძენიშვილს, არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს "ალტ-ინფო" წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი.

რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც, რასაკვირველია, პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს "ალტ- ინფო", ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია... ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში", - თქვა გია ვოლსკიმ.

ასევე ნახეთ „ერეკლეს შვილიშვილები“ - ვინ  ჩაშალა ლევან ბერძენიშვილის ლექცია ყვარელში

ორი დღის წინ, 15 იანვარს, ყვარელში ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა არ მისცა ილია ჭავჭავაძეზე ლექციის წაკითხვის საშუალება.

როგორც რადიო თავისუფლებას ყვარელში "ევროკლუბის" დამფუძნებელმა ნიკა გურინმა უთხრა, ლექციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, ოფისთან შენიშნა მისთვის უცნობი ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ბერძენიშვილს არ მისცა შენობაში შესვლის უფლება.

ასევე ნახეთ "პოლიციას არც უფიქრია, დარბაზში შევეყვანე" - ლევან ბერძენიშვილი ყვარელში ლექციაზე არ შეუშვეს

მოგვიანებით "კონსერვატიულმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ ყვარელში მათმა მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი ბერძენიშვილს ლექციის ჩატარებაში.

ასევე ნახეთ DRI ლევან ბერძენიშვილის საქმეზე: მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების წახალისებულია

2022 წლის ზაფხულის დასაწყისში ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა იმისთვის, რომ მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვდნენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია.

ასევე ნახეთ "ხალხს ატყუებენ, თითქოს ჩვენ ვიბრძვით ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ" - ლევან ბერძენიშვილი