რუსეთის საზღვრის ავტომობილით გადაკვეთის მსურველებს გამგზავრების თარიღის დაჯავშნა მოუწევთ

რუსეთის მოქალაქეების ავტომანქანების რიგი მონღოლეთის საზღვართან

რუსეთის სახელმწიფო დუმამ კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომლებიც რუსეთის საზღვრის მანქანით გადაკვეთისას თარიღისა და დროის წინასწარი შეტყობინების ვალდებულებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადება ტრანსპორტის კომიტეტის ხელმძღვანელმა ევგენი მოსკვიჩოვმა წარადგინა.

„რუსეთში საავტომობილო გზებისა და საგზაო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები გავრცელდება როგორც რუსეთის მოქალაქეების, ისე უცხოელების კუთვნილ ავტომანქანებზე. ამის შესახებ სააგენტო "ტასსი" იტყობინება. კანონპროექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა სახელმწიფო სათათბიროს მონაცემთა ბაზაში.

საზღვრის კვეთის ეს პროცედურა, სავარაუდოდ, 1 მარტიდან ერთი წლის ვადით ამოქმედდება.

მძღოლები თარიღისა და დროის დაჯავშნას შეძლებენ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ელექტრონული სატრანსპორტო დოკუმენტების სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის პლატფორმის მეშვეობით.

ასევე ნახეთ პესკოვი ადასტურებს, რომ ისევ ძალაშია პუტინის ბრძანება "ნაწილობრივი მობილიზაციის" შესახებ

მეორე მოსმენით კანონპროექტს დღეს, 24 იანვარს, უნდა უყარონ კენჭი.

სექტემბერში, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. სახმელეთო საზღვრებზე მრავალკილომეტრიანი რიგი გაჩნდა. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მისი სიგრძე 20 კილომეტრზე მეტს აღწევდა. საზღვრის კვეთის მსურველებს რიგში ორი დღის განმავლობაში უწევდათ დგომა. 21 სექტემბრის შემდეგ პირველ სამ დღეში მხოლოდ საქართველოს საზღვარი თითქმის ხუთი ათასმა ავტომობილმა გადმოკვეთა.