ირანმა ქვეყანაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული დაიბარა იმ კომენტარის გამო, რომელიც უკრაინულმა მხარემ გააკეთა ისპაანის პროვინციაში სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმის შესახებ - იტყობინება Reuters-ი Tasnim-ის სააგენტოზე დაყრდნობით.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, ტვიტერით გამოქვეყნებულ განცხადებაში ირანის სამხედრო ობიექტზე თავდასხმა პირდაპირ დაუკავშირა უკრაინაში ომს. უკრაინა ირანს ბრალს სდებს რუსეთისთვის ასეულობით დრონის მიწოდებაში. „აფეთქებების ღამე ირანში - დრონების და რაკეტების საწარმო, ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, - დაწერა პოდოლიაკმა, - (უკრ. დროშა) გაგაფრთხილათ“.
War logic is inexorable & murderous. It bills the authors & accomplices strictly.Panic in RF - endless mobilization, missile defense in Moscow, trenches 1000 km away, bomb shelters preparation.Explosive night in Iran - drone & missile production, oil refineries.🇺🇦 did warn you
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) January 29, 2023
შარშან, დეკემბერში, პოდოლიაკი გამოვიდა ირანის სამხედრო საწარმოების განადგურების და მიწოდებისთვის ხელის შეშლისკენ მოწოდებით.
ირანი აღიარებს, რომ რუსეთს მიაწოდა დრონები, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს მოხდა უკრაინასთან ომის დაწყებამდე.
რუსეთი უარყოფს, რომ მისი ჯარი ირანულ დრონებს იყენებს უკრაინაში, თუმცა ჩამოგდებული საფრენი აპარატები ამას ადასტურებს.
ირანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დრონებით თავდასხმისას სამხედრო ქარხანას მცირე ზარალი მიადგა, რომ დაშავებულები არ არიან. დეტალები იმის შესახებ, რა მოხდა ქარხანაში, არ გავრცელებულა.
ისპაანის პროვინციაში განთავსებულია რამდენიმე ობიექტი, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. თვითონ ქარხანა, რომელზეც მოხდა თავდასხმა, არის ირანის კოსმოსური ცენტრის მეზობლად, სადაც ბალისტიკურ რაკეტებს ამზადებენ.
თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. The Wall Street Journal-ი იმოწმებს ინკოგნიტო წყაროს - აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც აცხადებს, რომ თავდასხმის უკან ისრაელი უნდა იყოს, თუმცა მომხდარზე ქვეყნის წარმომადგენლები ოფიციალურად კომენტარს არ აკეთებენ.
კრემლმა დაგმო ირანის სამხედრო ქარხანაზე დრონებით თავდასხმა და გამოაცხადა, რომ არკვევს, რა მოხდა. „ყველა შემთხვევაში, ასეთი ქმედება სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, დასაგმობია“, - თქვა კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა.