ანასტასია გუბანოვას გვარი მოსკოვში დაგეგმილი ფესტივალის აფიშიდან წაშალეს

საქართველოს ნაკრების წევრის, მოციგურავე ანასტასია გუბანოვას გვარი აღარ წერია მოსკოვში 14 თებერვალს დაგეგმილი ფიგურული სრიალის ფესტივალის აფიშაზე - მონაწილეთა სია მხოლოდ დღეს, 10 თებერვალს შეიცვალა იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ 8 თებერვალსვე უარყო მისი მონაწილეობა მოსკოვის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

გუბანოვას ამ ფესტივალში მონაწილების შესახებ რუსულმა მედიამ წერა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მას მონაწილეების სიაში შეიყვანდნენ ფესტივალის აფიშაზე. აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ 20 წლის მოციგურავემ, რომელიც ЦСКА-ს [რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაწესებულება - რ.თ.] არენაზე დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებდა მონაწილეობას, რამდენიმე დღის წინ მოუტანა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი.

მას შემდეგ რაც ამ თემაზე რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია და ფიგურული სრიალის ფედერაციამ თქვა, რომ მათთან შეუთანხმებლად გუბანოვას, როგორც ნაკრების წევრს არ აქვს ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, რუსულ მედიაში მალევე დაიწერა, რომ საქართველომ არ მისცა გუბანოვას მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობის უფლება.

ასევე ნახეთ მოსკოვში დაგეგმილი შოუს აფიშაზე გამოჩნდა საქართველოს ნაკრების წევრის, ანასტასია გუბანოვას სახელი

ცნობილმა რუსმა ტრენერმა, ტატიანა ტარასოვამ რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ მედიაში "სისულელე" უწოდა გუბანოვასთვის დაწესებულ შეზღუდვას საქართველოს მხრიდან.

"აქ, რუსეთში უნდა ივარჯიშოს და რაღაცატომ უფლება არ აქვს, ამ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა, სისულელეა, სხვა რა შეიძლება იყოს ეს" - ასე აფასებდა საქართველოს მხრიდან რუსულ სამთავრობო ფესტივალში მონაწილეობის შეზღუდვას საბჭოთა კავშირის დამსახურებული ტრენერი.

თავად გუბანოვამ მაშინ, როცა პირველად გაჩნდა ინფორმაცია მისი ფესტივალში მონაწილეობის შესახებ მედიაში, ინსტაგრამზე საქართველოს დროშიანი ფოტო დადო, იმ დღეს კი, როცა აფიშაზეც დაიტანეს მისი გვარი, განათავსა ვიდეო, სადაც ჩანდა ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტთან, მაკა გიორგობიანთან ერთად.

ასევე ნახეთ ანასტასია ჩვენს დროშას სიამაყით იხვევს მხრებზე - საქართველოს სახელით მოციგურავე სანქტ-პეტერბურგიდან

ანასტასია გუბანოვა 2021 წლიდან არის საქართველოს ნაკრების წევრი. 20 წლის ანასტასია ოჯახთან - მშობლებთან და უმცროს და-ძმასთან - ერთად სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და იქვე ვარჯიშობს. მისი მთავარი მწვრთნელი ევგენი რუკავიცინია.