უკრაინის გენშტაბი: ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილში ჩავიდა ირანელი ინსტრუქტორების ახალი ჯგუფი

საილუსტრაციო ფოტო. ომის შედეგად განადგურებული სახლი ლუგანსკის ოლქში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 41 რაკეტა. 16 მათგანი თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. რუსმა სამხედროებმა განახორციელეს 24 საავიაციო დარტყმაც და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხერსონის ოლქის 2, ლუგანსკის ოლქის 4 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ქალაქ ბახმუტში.

გენერალური შტაბის მონაცემებით, ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილში ახლახან ჩავიდა ირანელი ინსტრუქტორების ახალი ჯგუფი, რომელიც რუს სამხედროებს ასწავლის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას.

ასევე ნახეთ The Guardian-ი: ნოემბერში ირანმა რუსეთს საიდუმლოდ მიაწოდა მინიმუმ 18 შორი რადიუსის დრონი

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პოზიციაზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 2 პოზიცია და საბრძოლო მასალების საწყობი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.