ბელარუსმა გააძლიერა სასაზღვრო კონტროლი, ინფორმაციის ფონზე, რომ აქტივისტებმა რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი ააფეთქეს

რუსეთის A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი

ბელარუსის საზღვრის მცველებმა გააძლიერეს იმ პირების კონტროლი, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ. ეს ხდება მას შემდეგ, რაც მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დრონით შეტევა მიიტანეს მინსკთან ახლოს მდებარე საჰაერო ბაზაზე განთავსებულ რუსეთის A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავზე.

მოქალაქეები, რომლებმაც ბელარუსის საზღვარი 27 თებერვალს გადაკვეთეს, ამბობენ, რომ ჩვეულებრივი შემოწმების ნაცვლად, მესაზღვრეებმა გაჩხრიკეს მათი პირადი ნივთები, ჩანთები და მანქანები.

ბელარუსის საზღვრის დაცვის წარმომადგენლები ვითარებაზე განცხადებას არ ავრცელებენ.

ასევე ნახეთ მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა

მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტთა ჯგუფის, BYPOL-ის, ხელმძღვანელმა ალიაქსანდრ აზროვმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს უთხრა, რომ დრონები იერიშისთვის გამოიყენეს მაშინ, როცა თვითმფრინავი მიწაზე იყო. მან დასძინა, რომ ოპერაციის მონაწილე პირები ამჟამად "უსაფრთხოდ არიან, ქვეყნის გარეთ".