ცხინვალის ციხიდან ლაშა ხეთერელი გაათავისუფლეს

ლაშა ხეთერელი გათავისუფლების შემდეგ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ხეთერელის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით მუდმივ კავშირზე იყო. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

ლაშა ხეთერელი საოკუპაციო ძალებმა რამდენჯერმე დააკავეს. „ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნავს სუსი.

ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება.