მოკლედ კაპიტალიზმისა და ქართული რეალობის შესახებ

ავტორი: გიორგი აბულაძე

კაპიტალიზმი დღესდღეობით გაბატონებული ეკონომიკური იდეოლოგიაა, რომელიც საბაზრო ეკონომიკურ სისტემას უდევს საფუძვლად. კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელია წარმოების საშუალებების კერძო საკუთრებაში ყოფნა, კონკურენტული ბაზარი, თავისუფალი ფასების სისტემა, დაქირავებული მუშახელის გამოყენება და სხვა. კაპიტალიზმი წარმოშობს სოციალურ კლასებს. კაპიტალიზმის ფესვები მე-16 საუკუნის ინგლისიდან მოდის და ბიძგი ეძლევა მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დასავლურ სამყაროში მომხდარი „ინდუსტრიული რევოლუციის“ შემდეგ. ამან მოიტანა სწრაფი პროგრესი და განვითარება, თუმცა ფეოდალიზმის დაცემის შემდეგ გაჩენილმა ბურჟუაზიამ კაპიტალიზმის „გაველურებას“ შეუწყო ხელი. ამ პერიოდში ადამიანები გაუსაძლის სამუშაო პირობებში ცხოვრობდნენ (მუშების უმეტესობა კვირაში 6 დღე, დღეში 10-14 სთ. მუშაობდა), შეძლებული ფენა მხოლოდ უმცირესი ნაწილი იყო მოსახლეობის, აბსოლუტური უმეტესობა პროლეტარიატს წარმოადგენდა. დაჩაგრულ მუშებში რევანშის გრძნობა ჩნდება. იფურჩქნება მემარცხენე იდეოლოგიები და მოძრაობები „აჩრდილი დაძრწის ევროპაში, აჩრდილი კომუნიზმისა!“ (კომუნისტური პარტიის მანიფესტი, კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი, 1848 წ.). კაპიტალისტური იდეოლოგიის წარმატებას ხელი შეუწყო პროტესტანტულმა რელიგიურმა მოძღვრებამ, რომელიც თავდაუზოგავ პატიოსან შრომას ადამიანის გამართლებისთვის უმნიშვნელოვანეს პირობად მიიჩნევდა.

მე არ ვარ სოციალისტი და არ ვფიქრობ, რომ კაპიტალიზმზე დაფუძნებული სისტემა სრულიად მანკიერია, პირიქით ვფიქრობ რომ ეს წინაპირობაა ეკონომიკური ზრდისა. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ კაპიტალიზმის არასწორმა გააზრებამ და რადიკალურმა მემარჯვენე პოზიციებმა გააღრმავა უფსკრული სოციალურ კლასებს შორის, რაც დიდი საფრთხეა სტაბილურობისთვის. სოციალური უთანასწორობა ბუნებრივი მოცემულობაა და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია, ის გაჩნდა ჯერ კიდევ ქვის ხანაში, როდესაც გაჩნდა საკუთრება. კაპიტალიზმს არაერთი ფორმა აქვს: თავისუფალი საბაზრო კაპიტალიზმი (Laissez-faire), კეთილდღეობის კაპიტალიზმი, სახელმწიფო კაპიტალიზმი, ანარქო-კაპიტალიზმი და ა.შ. მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიების დიდი ნაწილი კაპიტალიზმის სწორედ პირველ ფორმას ემხრობა, როგორც კლასიკური ლიბერალიზმის იდეალს–მაქსიმალურად დერეგულირებულ ბაზარსა და ძლიერ კერძო ბიზნეს. 1929-1933 წლებში დასავლურ სამყაროში მძვინვარე „დიდი დეპრესიის“ შემდეგ წამყვან ეკონომიკურ თეორიად იქცა კეინზიანიზმი (რომლის მამაც ჯონ კეინსია, თავისი წიგნით „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ 1936 წ.), რომელმაც მთავრობებს დაანახა ეკონომიკაში სახელმწიფოს ფრთხილი ინტერვენციის აუცილებლობა კრიზისების თავიდან აცილების მიზნით, რომელიც საბაზრო ეკონომიკას სჩვევია. კეინსის იდეებმა განხორციელება ჰპოვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და უდიდესი გავლენა მოახდინა სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის (რაინის კაპიტალიზმი) ჩამოყალიბებაში. კეინი მიივიწყეს 1970-იანი წლების შემდეგ, ნეოლიბერალური მიდგომის აღმავლობის კვალდაკვალ. სსრკ-ის დაცემის შემდეგ 1990-იან წლებში უმძიმესად მიმდინარეობდა გეგმიური ეკონომიკიდან საბაზროზე გადასვლის პროცესი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

ჩვენს ქვეყანაში კაპიტალიზმის განვითარება ძალიან გვიან დაიწყო, მისი ფორმირების პერიოდად შეგვიძლია მე-18-მე-19 საუკუნეები მივიჩნიოთ. 70 წლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა ჩვენზე დიდი კვალი დატოვა, კოლექტივიზაციამ და სოციალიზმმა საზოგადოების დეგრადაციას შეუწყო ხელი. ვერ ჩამოყალიბდა შრომის კულტურა, გამეფებული იყო კორუფცია და შავი ბაზარი. მთელი საბჭოთა ეკონომიკა მიმართული იყო სამხედრო სექტორის მხარდაჭერისკენ ცივი ომის პირობებში. ჩნდება კითხვა რატომ ენატრება ბევრ ქართველს სსრკ?–იმიტომ, რომ საბჭოეთი ხალხს მინიმალური სოციალურო უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, ხოლო მთელი უბედურება იმაშია რომ 30 წლის მანძილზე საქართველოს არცერთმა მთავრობამ აღნიშნულზე არ იზრუნა. 1990-იან წლებში კაპიტალიზმისკენ გადადგმული ნელი ნაბიჯები აჩქარდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელშიც უდიდესი წვლილი იმჟამინდელ ეკონომიკის მინისტრს კახა ბენდუქიძეს მიუძღვის. ბენდუქიძის რეფორმები ქვეყნის განვითარებისთვის იმ ეტაპზე კრიტიკულად აუცილებელი იყო, თუმცა მოგვიანებით პრაქტიკულად სოციალური პოლიტიკის არარსებობამ ქვეყანაში კეთილდღეობის საერთო დონის სტაბილური და მაღალი ზრდა გამორიცა. თანამედროვე საქართველოში თითქმის არ არსებობს გავლენიანი მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციის პარტია, რომელიც სოციალურ პრობლემებზე ისაუბრებს. საქართველოში პრაქტიკულად არც პროფკავშირები არსებობს, მემარცხენე ორგანიზაციების მხარდაჭერა დაბალია. თუმცა ბოლო პერიოდში აღინიშნება მემარცხენე ძალების მოძლიერება (ეკო-აქტივისტები, ხელფასების ზრდის მომთხოვნი ექთნები თუ კურიერები), რაც აჩენს მოსაზრებას რომ ქართული კაპიტალიზმი კრიზისშია. დამსაქმებლები კადრების დეფიციტზე საუბრობენ, პანდემიის შემდეგ აქტიურად ზრდიან ხელფასებს, თუმცა ეს მაღალი ინფლაციის ფონზე არასაკმარისია. ჩანს, რომ საზოგადოება სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებითაა დაინტერესებული. ეს დაკვეთა აიძულებთ პოლიტიკურ ძალებს გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას სოციალურ პოლიტიკის მიმართ. ქართული საზოგადოება იზრდება და მისი მოთხოვნები უფრო სერიოზული ხდება. სავარაუდოა, რომ რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე, საზოგადოების წნეხიც მოიმატებს, მემარცხენე ძალები მოძლიერდებიან და ბიზნესი იძულებული გახდება გააუმჯობესოს პირობები. საქართველოში კაპიტალიზმის არასწორმა წარმართვამ და ბიზნესის უპასუხისმგებლობამ გააჩინა დიდი უკმაყოფილება დასაქმებულებში, რომლის ამოხეთქვაც გარდაუვალია.

დღეს რიგითი ქართველი კვირაში დაახლოებით 45-48 საათს ატარებს სამსახურში და ხელზე თვეში 800-1000 ლარს იღებს, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. სამუშაო და სახელფასო პირობები ძალიან შორსაა ევროპული სტანდარტებისგან, სადაც მოქმედებს მინიმალური ანაზღაურების კანონი, სოციალური უსაფრთხოების ძლიერი ქსელი და კვირაში 35-40 საათიანი სამუშაო კვირა, რაც სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის საშუალებას იძლევა. მთავრობამ პატივი უნდა სცეს კერძო საკუთრებას, მხარი დაუჭიროს კერძო ბიზნეს და გონივრული თავისუფლება მისცეს მათ, თუმცა ამავდროულად ის ვალდებულია ეროვნული მიზნებისთვის ფრთხილად ჩაერიოს ეკონომიკაში, ებრძოლოს სიღარიბესა და მონოპოლიებს.