პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა

პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა.

სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.

ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები. სამართალდამცავები მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში "მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ძალა".

საპროტესტო აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ: "რუსებო, რუსებო".

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განიხილონ.

პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.