[ძალის პროპორციულობაზე] ამ წუთში შეფასება გამიჭირდება - ომბუდსმენი

ლევან იოსელიანი

ახალარჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი, გამოიყენა.

"პირველი, რაც გავაკეთე, მოვინახულე ადამიანები, რომლებიც სასწრაფოსთან არიან. ამ გაზმა პრობლემები შეუქმნათ მხედველობაზე. აქ ვარ, რადგან ჩემი თვალით ვნახო, შევაფასო მდგომარეობა, რაც არის. გავავრცელეთ განცხადება სახალხო დამცველის ოფისმა დ მოვუწოდეთ შსს-ს, რომ არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა", - აღნიშნა იოსელიანმა.

"ტვ პირველთან" საუბარში იოსელიანმა ვერ თქვა, გამოიყენა თუ არა შსს-მ არაპროპორციული ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამის შესაფასებლად მივიდა ადგილზე:

"მე ვარ იმისთვის აქ, რომ ეს შეფასება გავაკეთო საბოლოოდ. კონკრეტულად ამ წუთში შეფასების გაკეთება გამიჭირდება, რადგან ვეცნობი აქ არსებულ მდგომარეობას. აქ დავრჩები მანამ, სანამ ამ ადამიანების უსაფრთხოებას რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება".

მედიასთან კომენტარის დროს ლევან იოსელიანს იქ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს და აიძულეს ტერიტორიის დატოვება შეძახილებით: "მონა", "მონა".

მანამდე სახალხო დამცველის აპარატი განცხადებით გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელსაც პოლიცია სპეციალური საშუალებების, წყლის ჭავლისა და ე.წ. წიწაკის სპრეის, გამოყენებით შლის.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში, რომელიც ასევე მოიცავს ზოგად განმარტებას კანონიდან შეკრებისა და დემონსტრაციის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

დღეს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე პარტია "მოქალაქეების" წევრი, ახლა უკვე ყოფილი დეპუტატი ლევან იოსელიანი დაამტკიცა.

რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაიწყო ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ ინიციირებული 2 კანონპროექტიდან ერთ-ერთის -"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - განხილვა. პარლამენტმა ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით დღესვე მიიღო.

ასევე ნახეთ პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ