გაერო: თალიბანი მსოფლიოში ყველაზე რეპრესიული რეჟიმია ქალებისთვის

ავღანელი ქალი ბავშვით მოწყალებას ითხოვს ქაბულის ქუჩაში

თალიბანმა ავღანეთში დაამყარა მსოფლიოში ყველაზე რეპრესიული რეჟიმი ქალების მიმართ - აცხადებს ქვეყანაში გაეროს წარმომადგენლობა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, და ავღანეთის მმართველებს მოუწოდებს, გაუქმდეს ის მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც შემოიღეს თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ.

რადიკალური ისლამისტური ჯგუფი, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წლის აგვისტოში დაბრუნდა - მას მერე, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის და ნატოს ძალებმა - თავიდან აცხადებდა, რომ დაუშვებდა ქალების და უმცირესობების უფლებებს. თუმცა თალიბანმა რეალურად მკაცრი პოლიტიკა აირჩია - შეზღუდა ქალთა უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის შემოიღო განათლების აკრძალვა მეექვსე კლასის შემდეგ.

"თალიბანის პირობებში ავღანეთი რჩება ქალებთან მიმართებით ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოდ მსოფლიოში", - ამბობს როზა ოტუნბაევა, გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი და ავღანეთში გაეროს მისიის (UNAMA) ხელმძღვანელი. მისი თქმით, ქალთა უფლებების შეზღუდვისკენ თალიბანის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო "მეთოდური, მიზანმიმართული და სისტემატური".