რუსთაველის გამზირზე "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის ნაწილმა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა და გზა გადაკეტა მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმებმა დიდი რაოდენობის ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით სცადეს პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების დაშლა.
დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველიდან ჩავიდა პრეზიდენტის სასახლესთან, ორბელიანის მოედანთან. მოქალაქეების ნაწილმა გმირთა მოედანზეც გადაინაცვლა.
პროტესტის კერების გაშლის პარალელურად, დემონსტრანტები, ფაქტობრივად, მეორედ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ერთხელ უკვე სცადა მისი გაწმენდა. ამ დროისთვის პარლამენტის წინ კვლავ ათასობით ადამიანია მობილიზებული - ისინი წინ უდგანან სპეცდანიშნულების რაზმებს და სპეცტექნიკას. მათი ნაწილი სკანდირებს "საქართველო, საქართველოს", ნაწილი კი ცდილობს პოლიციის თანამშრომლების იმაში დარწმუნებას, რომ არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
რუსთაველის გამზირზე უკვე ნახევარ საათზე მეტია ისმის სირენების ხმა - ახალგაზრდები ამ ხმაზე ცეკვავენ.