გიორგი ვაშაძე ნინო ლომჯარიას განცხადებას უსამართლოს უწოდებს

გიორგი ვაშაძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ბრალდებას, რომ, მისი აზრით, იგი "რეჟიმის მოკავშირეა", უსამართლოს უწოდებს. ვაშაძემ "ფორმულის" ეთერში თქვა, რომ "ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა".

"დარბევა დაიწყეს მათ. მე ნინოსაც მოვუწოდებ და სხვებსაც, კარგად გაიაზრეთ, როდესაც უსამართლო განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ საქართველო დაუქვემდებაროს რუსეთს. ნუ გვაქვს ხოლმე რაღაცა უეცარი აღტყინებები.

არცერთ შემთხვევაში მე ამას არ ვუპასუხებ. უნდა გავიაზროთ, ეს მოთხოვნა, რაც იყო დაყენებული (უკან იქნეს გაწვეული კანონი), ეს მოთხოვნა არის დღესაც... ჩვენს ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე რაც გავაჟღერე, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იყო შეთანხმებული. ეს იყო საერთო პოზიცია. ამას დაუჭირა ხალხმა მხარი", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

დაახლოებით 22:00 საათზე გიორგი ვაშაძემ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ათასობით ადამიანს მოუწოდა, პარლამენტის შენობისთვის ალყა შემოერტყათ. 8 მარტი საქართველოში უქმე დღეა - 7 მარტს აქციის დროს დაპირისპირების გამო, დღეს პარლამენტის შენობა დაიკეტა და აკრედიტებულ ჟურნალისტებსაც კი არ უშვებდნენ იქ. შენობაში, ძირითადად, მხოლოდ საპოლიციო ძალები იყვნენ.

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირება. მოქალაქეების ნაწილი აზიანებდა ინფრასტრუქტურას, საპოლიციო ძალები კი იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ აირს. ყოფილი სახალხო დამცველის განცხადება სწორედ ამ გარემოებას უნდა უკავშირდებოდეს.

ასევე ნახეთ სპეცრაზმი აქციას შლის - ხალხი თავს აფარებს ეროვნულ გალერეას, მეტროს, ქაშვეთის ეკლესიას და პარალელურ ქუჩებს

"ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა... ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა კანონიერია", - დაწერა ნინო ლომჯარიამ ფეისბუკში.

ასევე ნახეთ ნინო ლომჯარია: გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა

ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში იმართება აქციები იმ კანონპროექტების გასაპროტესტებლად, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" მიერაა ინიციირებული. ამ დოკუმენტებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირება მოუწევთ. ეს კანონპროექტები მიუღებელია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც.

ე.წ. აგენტების შესახებ 2 კანონპროექტიდან ერთი - კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" - პარლამენტმა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.