ავტორი: მაია სივსივაძე

დღემდე მიყვარს ის ქუჩა, სადაც ბავშვობის გარკვეული პერიოდი გავატარე. სადაც თბილისელი მენაყინეები მოტოციკლეტებით მოდიოდნენ და უბნის ბავშვები კისრისტეხით გავრბოდით ,,ესკიმოსა“ და ,,სტაკანჩიკი“ ნაყინის საყიდლად. ერისთავის ქვაფენილიანი აღმართი, თავისი ხის რიკულებიანი აივნებით, ძველებური კიბეებითა და თუთის ხეებით გამშვენებული საერთო ეზოებით. გაზაფხულზე აყვავებული ალუჩები და ბროწეულები კი დღემდე აფერადებენ ჩემს ბავშვობისდროინდელ მოგონებებს. ქუჩის მარჯვენა კუთხეში, პატარა მაღაზიაში, ყოველთვის შეიძენდი მრგვალ კოლოფში მოთავსებულ მომპასის ფერად კანფეტებს, რომლებსაც სიამოვნებით მივირთმევდით. კარის მეზობელი, რომელიც მოგვიანებით ნათელ-მირონით დაგვინათესავდა კიდეც, ბავშვებისთვის ყოველ საღამოს დიაფილმების ჩვენებას აწყობდა და თავის ხუთი წლის ბიჭუნასთან ერთად ,,ნუ, პაგაძის!“ სერიებით გვახალისებდა. ჩვენი პატარა და საყვარელი, კარალიოკის ხეებით შემკული ეზო, სადაც ხშირად მეზობლის კნუტები თამაშობდნენ, ხის ღობით იყო შემოსაზღვრული. ეზო, რომელშიც სამი ოჯახი სახლობდა, მათ შორის ორი ქართული და ერთიც სომხური, ყვავილნარით გაელამაზებინათ. ორსართულიანი სახლი, რომელიც ერთ მთლიანობას წარმოადგენდა, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში აეშენებინა ერთ შეძლებულ ეროვნებით სომეხ თბილისელ ვაჭარს. ამ მდიდარ კაცს, გვარად სარქისიანს, ეს სახლი ერთადერთი ვაჟისთვის აეგო. ბიჭს კი ასევე შეძლებული ოჯახის ქალიშვილი ლუსია არუთინოვა მოეყვანა ცოლად. ლუსაბერა, როგორც უკვე ასაკში შესულს ეძახდნენ, უშვილო აღმოჩნდა. მემკვიდრის გარეშე დარჩენილი სარქისიანის ვაჟი მეტად განიცდიდა თავის უშვილძირობას, მაგრამ ბედს მალე შეეგუა და საყვარელ მეუღლესთან ერთად დარჩენილი სიცოცხლე სიამტკბილობაში გაატარა. ლუსია მეტად კარგი კონდიტერი დადგებოდა, რადგან უგემრიელესი ნამცხვრებითა და ქადებით ანებივრებდა სამეზობლოს. ამას არა მხოლოდ მეზობლების, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვისაც აკეთებდა, რადგან თავად უშვილოს, დიდ სიხარულს ანიჭებდა სხვისი პატარების გამასპინძლება და მათთვის პირის ჩატკბარუნება. მზრუნველი ქმარი ქალს არაფერს აკლებდა და არც უშლიდა, პირიქით, პირობას უქმნიდა იმისთვის, რომ ყოველდღიურად სამეზობლოს წინაშე ფარჩის, კრემჟორჟეტის, ბატისტის, აბრეშუმისა თუ ქიშმირის ქსოვილისაგან მოდურ სტილზე შეკერილი კაბებით თავი მოეწონებინა. ძვირფასი სამკაულებითა და აქსესუარებით ანებივრებდა, ზამთრისა თუ ზაფხულის კურორტებზე წელიწადში ორჯერ მაინც ასვენებდა. უცოეთიდან ჩამოტანილ ქუდებს, ქურქებსა და ლაბადებს არ აკლებდა, რითაც თითქოს იმ დანაკლისს უვსებდა, რაც ღმერთს მათთვის ცხოვრებისეულ ტვირთად დაეკისრებინა. ლუსიას მზითვად მამამისისგან ნაჩუქარი ბეკერის შავი როიალი ერგო, რომელზედაც ბრწინვალედ უკრავდა და ყოველ დილა-საღამოს მეუღლეს კლასიკური მუსიკის სასიამოვნო სეანსებს უწყობდა. ლუსია თავის მეუღლესთან ერთად ჩვენი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. მისი აივანი გლიცინიებითა და ვარდებით იყო დამშვენებული და ეზოს ბავშვებს ხშირად გვაფრთხილებდა, გაუშლელი კვირტები არ მოგვეწყვიტა. მიყვარდა მასთან მოსული სტუმრების ხილვა, რომლებსაც დიდი კალათებით ხილი და ათასნაირი ნუგბარი მოჰქონდათ. ლუსია ამ ყველაფერს სამეზობლოსაც უნაწილებდა. მთელ ეზოში მისი სახლიდან გამოსული სურნელოვანი ყავის არომატი დატრიალდებოდა და იწყებოდა ფინჯნების გადმოპირქვავებაც. ერთი მარჩიელი მეზობელი გვყავდა, რომელსაც სტუმრიანობის დროს იწვევდა ხოლმე და მის მიერ შეთხზული მომავლის წინასწარმეტყველება დილამდე გრძელდებოდა. იმ დროს რუსეთიდან შემოსული მეტად უცნაური გასართობი, წინასწარმეტყველური ,,მოლაპარაკე მაგიდა“ ერთგვარ სპირიტუალურ სეანსს წარმოადგენდა, რომლის ირგვლივაც იკრიბებოდნენ და მიცვალებულთა სულებს იხმობდნენ. ეს უფრო თავყრილობის საბაბი იყო, ვიდრე მაგიით ან მკითხაობით დაინტერესება. ღია ფანჯრებიდან, განსაკუთრებით ზაფხულობით, როცა თბილისი სიცხისგან იწვოდა, ისმოდა სიცილ-ხარხარი, ხორხოცი, ხუმრობა, მრავალეროვან ენაზე საუბარი, რომელთა შორისაც ქართულს, სომხურს, რუსულსა და ქურთულსაც კი გაიგონებდით. ათასნაირი გასართობით იქცევდნენ თავს, მათ შორის, კარტითა და ნარდით თამაში მეტად პოპულარული იყო. ცოლ-ქმრის ოჯახში ხშირად დადიოდა ცნობილი გადამყიდველი, რომელსაც ვერცხლის მოსევადებული დაღესტნური ნაკეთობები დაჰქონდა და ცეცხლის ფასად ყიდდა. მათ შორის უნიკალური ორნამენტებითა და ძვირფასი ქვებით შემკულ ქალის სამკაულებსაც: საყურეებს, სამაჯურებს, ბეჭდებსა და ყელსაბამებსაც ნახავდით. ერთი სიტყვით, ლუსია ჩვენი ეზოს სული და გული იყო. სამწუხარო ის არის, რომ ერთ დღესაც, უკვე ასაკოვანი ქვრივად დარჩენილი ქალი სახლიდან გასული უკან აღარ დაბრუნებულა. ამბობდნენ, მეუღლის სიკვდილს ვერ შეეგუა, გაუსაძლისი აღმოჩნდა მისთვის ეულად დარჩენა და მტკვარს მიანდო საკუთარი სული და სხეულიო. არავინ იცოდა მისი გაუჩინარების ნამდვილი მიზეზი. ასე უგზო-უკვლოდ გამქრალი ლუსია ბავშვობის ნათელ მოგონებად მექცა. მისი დაკარგვის შემდეგ თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაუფერულდა. აღარც ხმაური, აღარც სიცილი, არც ინტერნაციონალურ ენებზე საუბარი ისმოდა მეორე სართულის ღია ფანჯრებიდან. მალე მისი შორეული ნათესავებიც გამოგვეცხადნენ. აღმოჩნდა, რომ ქალს გაუჩინარების წინ ანდერძი წერილობით დაუტოვებია, რომლის თანახმადაც მთელი სახლ-კარისა და ქონების მფლობელად თავის ერევნელ ბიძაშვილს აცხადებდა. მალე ლუსიას სახლის გაყიდვის ამბავიც შევიტყეთ. ახლა სომეხი ცოლ-ქმრის ნაცვლად მრავალშვილიანი ებრაული ოჯახი დაიდებდა ბინას. ლუსია არუთინოვა-სარქისიანისა წარსულის სევდიან, თუმცა დაუვიწყარ, ფერად მოგონებად დამრჩა.