რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს აზერბაიჯანის ჯარებს ბრალი დასდო, რომ მათ დაარღვიეს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ბაქოსა და ერევანს შორის 2020 წელს იქნა მიღწეული რუსეთის შუამავლობით.
როგორც უწყების ცნობაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა „გადაკვეთა მხარეების შეხების ხაზი შუშის რაიონში, დაიკავა მაღლობი... და საგუშაგოს საინჟინრო მოწყობას შეუდგა“. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მხარემ აზერბაიჯანის სამხედროებისგან მოითხოვა, დაბრუნდნენ ძველ პოზიციებზე.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იარაღისა და ამუნიციის გადასროლის აღმოსაფხვრელად „განახორციელეს კონტროლის სათანადო ზომები“. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის ძალებმა უკანასკნელ დღეებში გაააქტიურეს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში იარაღის მიწოდება ე.წ. ლაჩინის დერეფნის გვერდის ავლით. შაბათის ოპერაცია ამ მოქმედებების აღკვეთას ისახავდა მიზნად.
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამთო გზებს იყენებდნენ არა იარაღის გადასაზიდად, არამედ სტეფანაკერტისა (აზერბაიჯანულად ჰანკენდი) და შუშის რაიონის ოთხ თემს შორის გადაუდებელი კავშირისთვის.
ასევე ნახეთ შარლ მიშელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრალაჩინის დერეფანი ერთადერთი ტრასაა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სომხეთიდან ტვირთების გადაზიდვა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. მაგრამ შარშან დეკემბრის შემდეგ ამ ტრასაზე მოძრაობა გართულებულია აზერბაიჯანელი აქტივისტების გამო, რომლებიც საკუთარ თავს ეკოლოგებს უწოდებენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება რეგულარულად აცხადებს, რომ სომხეთი დერეფნის გვერდის ავლით ცდილობს ყარაბაღში იარაღის შეტანას.
რუსეთის სამშვიდობო ძალები 2020 წლის ივნისში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე განლაგდნენ რეგიონში. შეთანხმება დაიდო 44-დღიანი ომის შემდეგ, რომლის მსვლელობაშიც აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე რაიონებსა და თავად სეპარატისტული რესპუბლიკის ნაწილზე.