ჩეჩნეთში ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის განყოფილებას. ორი თავდამსხმელი მოკლულია

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში საოლქო პოლიციის დეპარტამენტს უცნობმა პირებმა წუხელ ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმა 28 მარტს გვიან საღამოს მოხდა. პირველი შეტყობინება სროლის შესახებ ოპოზიციურმა ტელეგრამის არხმა, NIYSO-მ გამოაქვეყნა. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავდასხმის ადგილზე სამხედრო ტექნიკა და სპეცრაზმი გადაისროლა.


წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები ინგუშეთის სანომრენიშნიან მანქანაში ისხდნენ.

ქალაქში ჩავიდა, ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი, რომელმაც განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს საპასუხო ცეცხლით ორი თავდამსხმელი იქნა ლიკვიდირებული.

"ბოევიკები ალყაში მოაქციეს და დანებება შესთავაზეს. ალყის გარღვევის მცდელობისას კრიმინალებმა ხელყუმბარა ესროლეს სამართალდამცველებს", - აცხადებს ჩეჩნეთის ხელმძღვანელი. კადიროვი ამტკიცებს, სროლის შედეგად უსაფრთხოების ძალების არც ერთი წარმომადგენელი და მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა.

თავის ტელეგრამის არხით გამოქვეყნებულ ფოტოკადრებს ახლავს ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც კადიროვი დახოცილი თავდამსხმელების გვერდით დგას და ჩეჩნურად ამბობს, რომ "თავდამსხმელების ნათესავებმა უნდა იცოდნენ, თუ რას სჩადიან მათი შვილები".

"კავკაზ.რეალიის" ცნობით, ერთ-ერთ კადრში კადიროვთან ერთად, მისი 15 წლის ვაჟი ადამ, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი აბუზაიდ ვისმურადოვი და საგანგებო სიტუაციების და შინაგან საქმეთა მინისტრები ჩანან.