გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი 61 კილოს იწონის

გიული ალასანია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა, საწოლიდან არ დგება და წონა 61 კილოს შეადგენს.

„არის ძალიან სუსტად, რადგან ადამიანი 24 საათი არ დგება, ფაქტობრივად არ მოძრაობს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთ ადგილზე ვერ დააბამდი, ახლა ასეთ მდგომარეობაშია. არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს, რომელმა თამაშმა და მსახიობობამ“, - განაცხადა ალასანიამ.

„ერთადერთი რაც, ვიცი, გუშინ აწონეს და 61 კილოა მისი წონა“ - თქვა ექს-პრეზიდენტის დედამ.

ასევე ნახეთ პენიტენციურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმების მითითებებს

რამდენიმე დღის წინ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი არ ემორჩილება ექიმის მითითებებს და უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე. გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი ემორჩილება ექიმების მითითებებს.

28 მარტს ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი 58 კილოს იწონიდა. "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილი „ბევრად მეტს იწონის“. მისი ცნობით, 28 მარტისთვის ექს-პრეზიდენტი 64 კილოგრამს და 400 გრამს იწონიდა, რაც წინა მონაცემთან შედარებით, მატება იყო.