კიევმა უკრაინელ სპორტსმენებს რუსებთან შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა

უკრაინის მთავრობამ სპორტსმენებს რუსებთან და ბელარუსებთან შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი ბრძანება თავის ტელეგრამის არხზე ვერხოვნა რადის დეპუტატმა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჟან ბელენიუკმა გამოაქვეყნა 14 აპრილს.

ეს გადაწყვეტილება - რომელსაც ზოგიერთი უკრაინელი სპორტსმენი აკრიტიკებს - მიიღეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) გააბრაზა კიევი იმით, რომ გზა გაუხსნა რუს და ბელარუს სპორტსმენებს, ნეიტრალური სტატუსით მიიღონ მონაწილეობა შეჯტიბრებებში რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად.

ოფიციალურ ტექსტში ნათქვამია, რომ უკრაინის სპორტულ ფედერაციებს ჩამოერთმევათ ეროვნულის სტატუსი, თუ ისინი თავიანთ სპორტსმენებს საშუალებას მისცემენ, მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებებში, რომლებშიც რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენები მონაწილეობენ. სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ასეთი შეჯიბრებებიდან თავისი დელეგაციები უკან უნდა გაიწვიოს.

ტექსტიდან, შესაძლოა, გამომდინარეობდეს, რომ საუბარია უკრაინის ეროვნული ნაკრებზე და არა უკრაინის დროშის ქვეშ მონაწილე ცალკეულ სპორტსმენებზე, მაგრამ ეს უფრო დეტალურად არ არის განმარტებული. რუსეთის და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს ოლიმპიურ შეჯიბრებებამდე არცერთი სახით არ აქვთ სხვა შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება.

მანამდე, მარტში, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა ოლეგ ნემჩინოვმა განაცხადა, რომ აკრძალვა შეეხება ყველა უკრაინელ სპორტსმენს. "ჩვენ მივიღეთ საპროტოკოლო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ შესარჩევ კონკურსებში ვმონაწილეობთ, სადაც რუსები არ არიან", - განაცხადა მან ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკრიტიკა. აპრილის დასაწყისში ეოკ-ში განაცხადეს, რომ ეს "მხოლოდ უკრაინის სპორტულ საზოგადოებას დააზარალებს" და "სერიოზულ კითხვებს წარმოშობს უკრაინული სპორტის ავტონომიურობის შესახებ."

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტრადიციულად კრძალავს სახელმწიფოს პირდაპირ ჩარევას სპორტული ფედერაციების მუშაობაში და მიიჩნევს, რომ სპორტსმენების მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში მთავრობების მიერ არ უნდა განისაზღვროს. ორგანიზაციამ მხარდაჭერა აღუთქვა უკრაინელ სპორტსმენებს, რომლებსაც შეჯიბრებებზე ასპარეზობის სურვილის გამო შეზღუდვები დაუწესდათ.

  • რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან ჩამოაშორეს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. მარტში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გამოვიდა რეკომენდაციით, რომ მათ შეეძლოთ ნეიტრალურ სტატუსში ასპარეზობა. სოკ-ის ამ გადაწყვეტილებამ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.