საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ხელბურთის ნაკრები, არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა - ჯგუფის ფავორიტი უნგრეთის ნაკრები თავისსავე მოედანზე დაამარცხა.

შეხვედრის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა - გიორგი ცხოვრებაძის ზუსტი შვიდმეტრიანი დარტყმის შემდეგ, ანგარიში 31:30 გახდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ქართველმა ხელბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ-ორი მატჩი გამართეს უნგრეთთან, შვეიცარიასთან და ლიეტუვასთან. რვა თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგეს, მაგრამ ეს შედეგიც საკმარისი აღმოჩნდა ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად.

ევროპის ჩემპიონატს 2024 წლის იანვარში გერმანია უმასპინძლებს.