არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" [GDI]" ცნობით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა დავით ფაცაციას სარჩელი ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ და ტელევიზიას გავრცელებული ცნობების უარყოფასთან ერთად, 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა. ტელეკომპანია "პირველის" ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს.
მათი ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ამავდროულად არის "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიძე.
ორგანიზაცია წერს, რომ დავით ფაცაცია სადავოდ ხდიდა მედიაში გაჟღერებულ იმ განცხადებებს, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე დევნილთა ჩასახლების ობიექტებში. ამ განცხადებების თანახმად, „არამიზნობრივად დახარჯული თანხების კვალი სამინისტროს ხელმძღვანელამდე“, დავით ფაცაციამდე მიდის.
GDI-ის განცხადებით, მოპასუხის, ამ შემთხვევაში ტელეკომპანიის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ განცხადებები იყო შეფასებები, რომლებიც ეყრდნობოდა აუდიტის დასკვნას, ხოლო დავით ფაცაცია მოხსენიებული იყო, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელსაც აკისრია ვალდებულება, სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირება იქონიოს.
GDI ასევე აღნიშნავს, რომ დავით ფაცაცია თავდაპირველად კომპენსაციის სახით მოპასუხე ტელეკომპანიისგან 1 ლარს ითხოვდა, შემდეგ კი მოთხოვნა 30 000 ლარამდე გაზარდა.
"სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა დაემთხვა ერთი კვირით ადრე კახა კალაძის სარჩელის დაკმაყოფილებასა და საქმეში მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ უჩა მამაცაშვილის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას. გარდა ამისა, მინისტრმა კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა", - წერს ორგანიზაცია.
GDI-სთვის განსაკუთრებით საგანგაშოა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის ოდენობა, რომელიც, მისი შეფასებით, არაგონივრულად მაღალ ოდენობად უნდა შეფასდეს იმ ზიანთან მიმართებით, რომელიც შესაძლოა, მინისტრს განეცადა:
"მსგავსი ცილისწამების საქმეზე 15 000 ლარის დაკისრება მედიისათვის, მაშინ როდესაც მეორე მხარეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი დგას და გავრცელებული ინფორმაცია ეხება საჯარო ფუნქციების შესრულებას, არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, იგი მეტად უწყობს ხელს "მსუსხავი ეფექტის" და შესაბამისად შიშის გაძლიერებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას".
გასული წლის სექტემბერში მმართველი პარტიის თავმჯდომარის დედამ მოუგო სასამართლო დავა "TV პირველს". მაშინ მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ მიიჩნია, რომ არხზე გასული სიუჟეტით განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილის, თამარ ზაალიშვილის პატივი და ღირსება შეილახა.
დამატებით, "TV პირველს" მოსამართლემ დაავალა თამარ ზაალიშვილისთვის 5555 ლარის, ჟურნალისტებს, ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს კი 5-5 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, 5555 ლარის გადახდა დაეკისრა ამ არხის რესპონდენტს, მარინე მიქაუტაძეს, რომელიც სიუჟეტის ერთ-ერთი წყარო იყო.
სიუჟეტი, რომლის შინაარსზეც ზაალიშვილი დავობდა, "TV პირველის" ეთერში 2021 წლის ივლისში გავიდა - ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჰყვებოდა, რომ, სავარაუდოდ, თეატრალური უნივერსიტეტი ყალბ დიპლომებს გასცემდა. კობახიძის დედის ეპიზოდი ამ სიუჟეტში მხოლოდ ერთი დეტალი იყო.