მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე არსებული აკრძალვის გაუქმების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ერთგული რჩება. მისი თქმით, საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს.

„საქართველო რჩება ერთგული იმ გადაწყვეტილების, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ნაწილია საერთაშორისო შეთანხმებების და ჩვენ ფინანსურ სანქციებზე როდესაც ვსაუბრობთ, იცით, რომ დღევანდელ დღემდე არ ფიქსირდება არცერთი მაგალითი, სადაც საქართველო არ იყო ერთგული ამ გადაწყვეტილების. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვრჩებით ერთგული ამ გადაწყვეტილების და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება არავითარ ზეგავლენას არ იქონიებს ჩვენს მკაფიო არჩევანზე, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. რამეთუ საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს და სანქცირებულ ხომალდებს საქართველოში“, - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა.

ასევე ნახეთ ქვრივიშვილის თქმით, პუტინის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების კავშირს სამშობლოსთან

რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

დღეიდან, 10 მაისიდან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილებაც - 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება.

ასევე ნახეთ პუტინმა გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება
ასევე ნახეთ პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, მან ადმინისტრაციის შენობაში ბრიფინგი გამართა.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: მივმართავ ხელისუფლებას, მოუსმინოს "ხალხის ძალას" კი არა, ხალხის ხმას
ასევე ნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას
  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • 2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.