13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამასა და მეზობელს პატიმრობა შეეფარდათ

ფოტოილუსტრაცია

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა 13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამასა და მეზობელს. დღეს, 11 მაისს, გამართული სხდომა მედიისთვის დახურული იყო, რადგან საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს.

  • დარბაზიდან ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა 47 წლის კაცის ადვოკატი. მისი თქმით, არ არსებობდა 13 წლის ბავშვის მამის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება;
  • კიდევ ერთი დაკავებულის - მეზობლის, 28 წლის კაცის, ადვოკატის მოთხოვნა იყო, მოსამართლეს ბრალდებულისთვის შეეფარდებინა გირაო 2000 ლარის ოდენობით;
  • იმის მიუხედავად, რომ არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებდა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის შეფარდებაზე.

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოზარდ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 9 მაისს დააკავეს არასრულწლოვანის 47 წლის მამა და 28 წლის მეზობელი.

ასევე ნახეთ სამეგრელოში მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს

გამოძიების ვერსიით, მამა არასრულწლოვან შვილთან ამყარებდა სქესობრივ კავშირს და აშინებდა, რომ თუ ვინმეს ეტყოდა, მოკლავდა. შსს-ს ცნობითვე, ბავშვი მამის ძალადობას წლების განმავლობაში მალავდა. გამოძიების თანახმად, არასრულწლოვან გოგოს სისტემატურად აუპატიურებდა 28 წლის მეზობელიც.

ორივე დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება.

ასევე ნახეთ 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციას სოფლის რწმუნებულმა აცნობა